ღია წერილი გიორგი ვოლსკის _ დაფინანსებული ტროლები, აგრესია და ბულინგი ვერ შეგვაშინებს!

მთავარი თემა

ღია წერილი გიორგი ვოლსკის _ დაფინანსებული ტროლები, აგრესია და ბულინგი ვერ შეგვაშინებს!

2019 სექ 11 13:37:26

„აზრის გამოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად, მხოლოდ რეგვენ ადამიანს შეუძლია“, _ ვაჟა-ფშაველას ეს სიტყვები, სოციალურ ქსელში, 10 სექტემბერს ძალიან აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ბევრმა არასწორად გადათარგმნა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

უფრო დეტალურად: 10 სექტემბერს, ონლაინ სააგენტო “interpressnews.ge”-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით _ “ანდერს ფოგ რასმუსენი: ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე”.

სტატიაში მოცემულია ამონარიდები რასმუსენის ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს NATO-საქართველოს ურთიერთობებსა და მომავალი წევრობის საკითხზე.

“interpressnews”-მა მოგვიანებით სათაური დააკორექტირა, რადგან ის იყო შეცდომაში შემყვანი და წინააღმდეგობაში მოდიოდა სტატიის შინაარსთან და კონტექსტთან. “interpressnews”-ის სტატია, ინტერპრეტირებული აღწერით, ასევე გადააზიარა ფეისბუქ გვერდმა “Politicano • პოლიტიკანო”, რომელმაც საკითხი ლიბერალებს დაუკავშირა. რასმუსენის განცხადებას მოჰყვა მანიპულაციური შეფასებები პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატის გია ვოლსკის მხრიდანაც. 

„აფხაზეთსა და ცხინვალზე უარს არ ვიტყვით, რადგან ეს არის ისტორიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლა“, _ უთხრა ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“.

„აღნიშნული თემის მანიპულაციური ინტერპრეტირება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, საქართველომ ნატოში გასაწევრიანებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი უნდა თქვას. რეალურად, რასმუსენის განცხადებით, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლოა, განიხილებოდეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, NATO-ს წესდების მე-5 მუხლი, პირველ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს დაფარავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ ამოქმედდება. რასმუსენმა ილუსტრირებისთვის გერმანიის მაგალითი მოიყვანა, როდესაც გერმანია NATO-ს წევრი 1955 წელს გახდა, ხოლო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე (აღმოსავლეთ გერმანია) ატლანტიკური ალიანსის წევრობა მხოლოდ 1990 წლიდან, ანუ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ამოქმედდა“, _ წერს “მითების დეტექტორი”.

თუმცა, „მითები დეტექტორის“ განმარტებამდე, სოციალურ ქსელში ბევრი კომენტარი გაკეთდა და ვოლსკი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ბევრმა დაადანაშაულა.

ის, რომ განცხადება არასწორი იყო და რასმუსენის კომენტარი ცუდად გადათარგმნილი, უმრავლესობის ლიდერს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამაც შეახსენა სოციალურ ქსელში:

თუ ინგლისური არ იცის ვინმემ უთარგმნეთ, ბოლოს და ბოლოს დაუწერეთ და მერე გააკეთებინეთ განცხადება. აზრი ვერ გამოაქვთ და საზოგადოებაც შეცდომაში შეყავთ“, _ მიმართა გოგელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ამავე პოსტზე, საჯარო გზავნილი გიორგი ვოლსკსაც გაუგზავნა:

გიორგი ვოლსკი! იმედია, ამას ბულინგს არ უწოდებთ და ტროლებს არ მომიგზავნით (თუმცა, არც ესაა პრობლემა). ამ ქვეყნის გულშემატკივრის რჩევაა ეს და „ნაცობას“ ნუ დამაბრალებთ ამის გამო. და მთავარი _ რასმუსენმა თქვა, რომ დავიწყოთ დისკუსია იმაზე, ხომ არ შევიდეს საქართველო ნატოში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთით და ცხინვალით, თუმცა, კონფლიქტების მოგვარებამდე ალიანსის მე-5 მუხლი (კოლექტიური თავდაცვა) არ გავრცელდეს კონფლიქტურ ზონებზე. დავესესხები Konstantine Shubitidze-ს და მისსავე განმარტებას გეტყვით _ ამ ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ალიანსის სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს გაუმარტივდეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე დათანხმება და უაზრო არგუმენტები გამოეცალოთ ხელიდან“, _ დაწერა გოგელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ამ პოსტზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, მოგვიანებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის პოსტზე, რომელიც, ასევე, აკრიტიკებდა ვოლსკის მანიპულაციას, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი აუგად მოიხსენია _ თანაც ისე, რომ ე. წ. თაგი არ გაუკეთებია.

„ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის NATO ცნობს, თინა! ესაა პასუხი შეკითხვაზე _ ვიზიარებ თუ არა რასმუსენის მოსაზრებას, "რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსია, რამდენად მისაღებია მისთვის ნატო-ში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე გაწევრიანება".

შემდგომ არა ერთი კომენტარი გავაკეთე. მაგ კომენტარშიც ჩანს მთავარი ხაზი _ "ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია" და ეს ვითომ არ ყოფილა:)) ანუ შეგნებულად ამახინჯებ...
რაც შეეხება "5-ე მუხლის გარეშე", ამაზე აპატურაიმ გასცა პასუხი, რომ არარეალისტურია! რაო, მოსკოვის აგენტია?!

რა მძიმე წასაკითხია, რამეს რომ გაბრალებენ... ჩემი "ადრეული პარტიულობა" არ განაპირობებს დამოკიდებულებას ქვეყნის, თუნდაც ჩემი და თქვენი შვილების ინტერესების მიმართ, ისევე, როგორც დათო უსუფაშვილის...
ადრე პოლონეთის ცკ-ს პირველი მდივანი იყო კვაშნიევსკი, რომელმაც პოლონეთი ნატოში შეიყვანა, შარტავა ჩემი უფროსი იყო _ საქართველოს გმირი. მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი.

არ ვიცი, აქვს თუ არა აზრი ამის მოწერას, მაგრამ არასოდეს მიკადრია დაბრალება, შენც ნუღარ იკადრებ _ ნატო გოგელია ხომ არა ხარ?:))“ _ მიმართა ხიდაშელს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ამ გზავნილის გამო,  ნატო გოგელიამ ვოლსკის შესაბამისი ახსნა-განმარტება საჯაროდ მოსთხოვა:

„დაგეთაგეთ მაინც... ჩუმად, სხვის კედელზე, რომ მომიხსენიებთ ცუდად; ეს, არ მგონია, ვაჟკაცური საქციელი იყოს. და ახლა მთავარზე _ აბა, ბრძანეთ, რა დაგაბრალეთ და რა არ ყოფილა? ჯერ თქვენ გისმენთ და მერე მე გეტყვით, რას იბრალებთ, რას არ აკეთებთ და სად და როდის ავრცელებთ არასწორ ინფორმაციებს (მერე რომ იუარებთ ვიცი, მაგრამ მაინც). Tinatin Khidasheli მაპატიე, შენი კედლის გამოყენება, მაგრამ უმრავლესობის ლიდერმა ჩემს კედელზე არაფერი თქვა და ჩუმად შენთან მომიხსენია საკმაოდ თავხედურად, არასწორად და კაცისთვის შეუფერებლად! ამიტომ, აქვე მოვთხოვ პასუხს! გისმენთ, ბატონო გიორგი!“ _ გოგელიას ამ საჯარო მესიჯს უმრავლესობის ლიდერმა მოკლედ უპასუხა: „აზრი არა აქვს...“

„თქვენ, უმრავლესობის ლიდერი რომ გქვიათ და ასე, სხვის კედელზე ჩუმ-ჩუმად ილანძღებით, იმას აქვს აზრი? რატომ არ გინდათ, ჩამონათვალი გააკეთოთ? რა დაგაბრალეთ ისეთი, რაც არ გითქვამთ? გისმენთ... ბრალდებები და სიტყვის უკან წაღებები კარგად გამოგდით, მაგრამ გურიაში არ ვიცით მასე (ვფიქრობ, დახურულ შეხვედრაზე მაინც მიხვდებოდით) და არც უკან დახევა გვიყვარს... სიმართლისთვის ბევრი გვიბრძოლია... აი, იმ წლებში, როცა თქვენ მართლა არ ვიცი, სად იყავით, ჩვენ სიმართლეს ვამბობდით და ამის დიდი დამსახურებაა, რომ თქვენ უმრავლესობის ლიდერი ხართ. თუმცა, თქვენ ეს სულ არ გაინტერესებთ _ თქვენთვის მთავარი "იარლიყების მიკერებაა", მაგრამ მე იმ კატეგორიაში არ გავდივარ, ვინც ამას დუმილით შეხვდება. ამიტომ, გისმენთ _ სიტყვას ფაქტები მოაყოლეთ. ან - იტყვით, ან მე თქვენს დუმილს იმის ნიშნად მივიღებ, რომ სიცრუე აღიარეთ...“ _ ჩვენი ჟურნალისტის ეს გზავნილი გიორგი ვოლსკიმ უპასუხოდ დატოვა.

რას ნიშნავს მისი დუმილი, მკითხველმა განსაჯოს, თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გიორგი ვოლსკი თავს გვესხმის. რამდენიმე დღის წინ, მის მიერ, გურიაში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, თხილის ფასის დარეგულირებაში სუს-ს ჩართავდა, ხმაურის მიზეზი გახდა. კომენტარი იმის შესახებ, რომ ვოლსკის განცხადება ბიზნესზე ზეწოლას ნიშნავდა და შესაბამისი გამოხმაურებები, რომ პოლიტიკოსი ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, ვოლკისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ჯერ ნათქვამი უარყო, რის შემდეგაც, ჩვენი ჟურნალისტის სოციალურ გვერდს ფეისბუქში, სადაც მასალა იყო დაანონსებული, “ტროლები“ შეესია. მოგვიანებით კი, საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მას „ზოგიერთი ჟურნალისტი აბულინგებდა“.

მართალია, იმ განცხადებაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის სახელი და გვარი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, განცხადების შინაარსით ნათელი იყო, რომ ჩვენს ჟურნალისტს გულისხმობდა. იმის მიუხედავად, რომ ბატონ გიორგის შეეძლო ნებისმიერი პრეტენზია და მოსაზრება “გურია ნიუსის“ მენეჯმენტთან განეხილა (ჩვენი მედიასაშუალება შეცდომის ან უზუსტობის შემთხვევაში, ბოდიშის მოხდას, ჩასწორებას ეთიკურობად მიიჩნევს), უმრავლესობის ლიდერმა სხვა გზა აირჩია _ სამწუხაროდ, როგორც ჩვენი წყაროები ადასტურებენ, გიორგი ვოლსკი შეხვედრიდან-შეხვედრაზე, იმის გარკვევას ცდილობდა, იყო თუ არა „გურია ნიუსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი.

რას და რა ფორმით გაარკვევს უმრავლესობის ლიდერი, რომელიც კედელ-კედელ და შეხვედრა-შეხვედრა ჩვენზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, შეიძლება დიდად ყურადღების მისაქცევი არ ყოფილიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამას დასასრული არ უჩანს, ვფიქრობთ, რამდენიმე სიტყვით წარსული უნდა გავიხსენოთ.

შეგახსენებთ მის ბიოგრაფიას: 1984-დან 1990 წლამდე კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი იყო (ანუ ამ თანამდებობაზე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგაც მუშაობდა; შემდეგ, შევარდნაძის ხელისუფლებაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა - 2003 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო; 2003-2004 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, სპეციალური თანაშემწე; 2004-2006 წლებში, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა; 2006-2007 წლებში  - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და საგანგებო დავალებათა ელჩი; 2007-2011 წლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპსამსახურის რეზერვი გახლდათ.

ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ წლების განმავლობაში, ამ, ამისწინა, იმისწინა და იმისწინაწინა ხელისუფლებებთან ვიყავით (მხოლოდ იმისთვის, რომ გვქონოდა სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო, აპოლიტიკური პროკურატურა და ა.შ.) მისი თანადგომა არ გვახსოვს.

ბატონ გიორგის წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დევნა, შევიწროება, არ უნახავს როგორ დასდევდნენ ჩვენს ჟურნალისტებს, მათი ოჯახის წევრებს. არც ის ეცოდინება, რომ „გურია ნიუსი“ იყო პირველი მედიასაშუალება, რომელმაც ციხეებში არსებული ვითარება, მათ შორის, სერგო თეთრაძის საქმე არაერთხელ გაახმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს; არც ის, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ლაფანყურის სპეცოპერაციაზე დავწერეთ და ჩვენგან იგებდა მთელი ქვეყანა იმ რეალობას, რაც ლაფანყურში ხდებოდა; არც ის ეცოდინება, რომ სწორედ ნატო გოგელია დაშავდა 26 მაისს და არც ის, რომ მაშინ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მივმართეთ (და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მოვიგეთ კიდეც!). “გურია ნიუსი“ იყო ბევრი საკანონმდებლო ცვლილების, საპროტესტო მოძრაობის ინიციატორი (ხანდახან _ მარტოც!), რომელმაც წინა და იმისწინა ხელისუფლებების ძალაუფლებით ტკბობის დასრულებაში წვლილი შეიტანა.

რაც შეეხება დღევანდელობას; ბატონო გიორგი, ჩვენთვის „იარლიყების მოკერებას“ , ჩვენ გუნდში მტრების ძიებას გირჩევთ, საკუთარ გუნდს მიხედოთ _ მიმოიხედეთ, რამდენი საეჭვო პოლიტიკური წარსულის ადამიანი გყავთ გვერდით. ჩვენი პროფესიული ვალი კი, პოლიტიკური მეხსიერების, ჩავლილი და მიმდინარე მოვლენების, ფაქტები ერთგულებაა. ამიტომ, ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ზუსტად ისევე არ დავწერთ ამ ხელისუფლების შეცდომებზე, როგორც წინა ხელისუფლებაზე ვამბობდით! გვჯერა და გვწამს, რომ ამით სწორედ ხელისუფლებას ვეხმარებით, რომ დასასრული არ მოიახლოვოს!

ჩვენ არ ვართ, არ ვყოფილვართ და არც ვიქნებით კონტროლირებადი მედია! ჩვენ ყოველთვის ვაწვდიდით ჩვენს მკითხველს გადამოწმებულ, ობიექტურ ინფორმაცის და ვამბობდით სიმართლეს!

ისევე, როგორც წინა ხელისუფლებების დროს, ახლაც ვუყვებით ადამიანებს კორუფციაზე, უკანონობაზე, შერჩევით სამართალზე, ყველაფერ იმაზე, რაზეც ეს ხელისუფლება თვალს ხუჭავს და ასეც გავაგრძელებთ.

გვერწმუნეთ, ვერც დაფინანსებული ტროლები, ვერც მაღალჩინოსნების აგრესია და მართლაც რომ ბულინგი ვერ შეგვაშინებს!

ჩვენ ვმუშაობდით და ვიმუშავებთ ხალხისთვის და იგივეს გირჩევთ თქვენ _ სწორედ ამაში გიხდით ხელფასს საჯარო მოხელეებს და არა არასამართლიანი პოლიტიკით, სიტყვით თუ პოსტით საზოგადოების განაწყენებაში!

წინ 2020 წლის არჩევნებია. ალბათ, მანამდე, კიდევ ბევრი “ტროლი“ გამოჩნდება, კიდევ მეტი აგრესია წამოვა, ბევრს ნერვები უმტყუნებს, მაგრამ პოლიტიკოსების  სიძლიერე ძველ მეთოდებზე უარის თქმით, სამართლიანობის ერთგულებით, ღირსეული შრომის დაფასებით და ქვეყნის ინტერესების საკუთარ სიცოცხლეზე მაღალა დაყენებით იზომება. ეს მარტივი ჭეშმარიტება, სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მისვლამდე ყველასთვის გასაგებია, მისვლის შემდეგ _ ერთეულებისთვის რჩება ღირებულად.

 




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?